სასწავლო კვლევითი პროექტი „წინადადების სიგრძე“

 21-ე საუკუნის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევევის დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრება კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება. 

     პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლეები იძენენ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეუძლით გამოიყენონ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს.      ფსიქოლოგიაში პრობლემის გადაჭრის პროცესებს ეტაპების საშუალებით აღწერენ, რომელთა რაოდენობას განსაზღვრავს თითონ პრობლემის ტიპი და პრობლემის გადამჭრელი მოსწავლის უნარები. მოსწავლემ უნდა შეძლოს:    

  •  პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების შეფასება სხვადასხვა პერსექტივიდან; 
  • თითოეულ სტრატეგიასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა; 
  •  უფრო რეალური და მისაღები სტრატეგიების შერჩევა; 
  • შერჩეული სტრატეგიის დამაჯერებლობის დასაბუთება. 

    ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს- თვითშეფასება არის მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევა, რაც მას ეხმარება ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში.

    მინდა გაგიზიაროთ ჩემ მიერ განხორციელებული სასწავლო კვლევითი პროექტის დაგეგმვის ეტაპები( სამოქმედო გეგმის მოკლე ვერსია) და რეფლექსია. 

პროექტის ხელმძღვანელი: შორენა ხორავა;

 კლასი: IXა;

პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე.

    პრობლემის შინაარსი და აქტუალობა: მოსწავლეებს უჭირთ გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია დასკვნების მართებულუბისთვის მონაცემთა შეგროვების შესაფერისი საშუალებების გამოყენება, ყოფითი სიტუაციის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვებისთვის საჭირო შესაბამისი მეთოდების შერჩევა.

    ცხოვრების დღევანდელ რთულ გარემოში, ადამიანი, მისი ინტელექტი თუ ცოდნა უძლურია თავი მოუყაროს ერთად ყველა საჭირო ინფორმაციას და მასზე დაყრდნობით მიიღოს ოპტიმალური გადაწყევტილება. სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავების მეთოდების ცოდნა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა, აუცილებელია მონაცემთა დამუშავების, ანალიზის და სინთეზის ამოცანებში და მოსწავლეები რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაეუფლებიან მას, მით მეტად მარტივად გადაწყვეტენ პრობლემას, რადგანაც „ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, თუ ჩვენ მას კონკრეტულ პრობლემებთან შებრძოლების საშუალებას ვაძლევთ და მას რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება უხდება“(ჯონ დიუი).

     მიზანი: ცოდნის გამოყენება და დაკავშირება ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებთან და სხვა სასწავლო დისციპლინებთან. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, სამეცნიერო კვლევითი უნარების განვითარება. 

     ამოცანები: მოსწავლეები მოიპოვებენ დასმული ამოცანის ამოსახსნელად თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს; 

თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს წარმოადგენენ სხვადასხვა ხერხით და გააკეთებენ ანალიზს ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით;

მონაცემებს მოაწესრიგებენ და წარმოადგენენ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

    რისკები: მოსწავლეთა დაბალი ინტერესი პროექტის აქტივობებეში ჩართვასთან დაკავშირებით.

    მისაღწევი შედეგები: სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე შეძლებენ გამოთქვან ვარაუდი ტექსტის აღქმასა და წინადადების სიგრძეთა სიხშირეებს შორის კავშირის შესახებ.

პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია: მონაცემების მოპოვება, მოწესრიგება და წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით.

    აქტივობა 1: პროექტის იდეის გაცნობა.

    გამოვიყენოთ თეორიული ცოდნა და შევისწავლოთ ისეთი აქტუალური პრობლემა, როგორიცაა ტექსტის აღქმასა და გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეები.

    მიზანი: საკითხის შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი ფორმით წარმოდგენა დაგვეხმარება განსახილველი საკითხის შესახებ სწორი დასკვნების გამოტანაში. ჰისტოგრამის საშუალებით სწრაფად და თვალსაჩინოდ აღიქვამენ მონაცემების განაწილების კანონზომიერებას.

აქტივობა 2: მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა და დავალებების განაწილება.

    მიზანი: ყველა არგუმენტს აქვს თავისი კონტრარგუმენტი. არგუმენტაციის ჩამყალიბებას მტკიცება და დეკლარირება სჭირდება.

    ჯგუფი I. სამი ქართველი მწერლის, მაგალითად, დავით გურამიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და კონსატანტინე გამსახურდიას თითო ნაწარმოებიდან თითო შეძლებისდაგვარად ტექსტით ერთნაირად დატვირთული ფურცელის შედგენა. ყოველი მათგანისთვის ამ გვერდებზე წინადადებების სიგრძეების სიხშირეთა ცხრილების აგება.

    ჯგუფი II. ანალოგიური ცხრილების შედგენა სამი სასკოლო სახელმძღვანელოდან შერჩეული თითო გვერდის მიხედვით.

    ჯგუფი III. ინტერვალებად დაყოფის საკუთარი ხერხის შერჩევა და წინადადებების სიგძეთა სიხშირეების ცხრილების შედგენა. შესაბამისი ჰისტოგრამების აგება.

    აქტივობა 3: კვლევის დაგეგმვა და განხორციელება.

     კონტექსტური კითხვების გამოყენებით დაგეგმეთ კვლევა:

  •  რას გვიჩვენებს აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით ტექსტების შედარება? 
  • ხომ არ არის დაკავშირებული ეს მაჩვენებლები ტექსტის აღქმის საკითხთან?
  • რა განსხვავებაა ქართველ მწერალთა ნაწარმობებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებს შორის აღნიშნული მიმართებით? 
  •  რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? 

    მიზანი: სოკრატული მეთოდის გამოყენება, დამეხმარება იმაში, რომ მოსწავლეები თავად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე, წავახალისო მათი აზროვნება.

 ამ დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს, სხვადასხვა ელემენტებისგან ქმნიან ახალ სტრუქტურას. ვითარდება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.

 აქტივობა 4: პროექტის პრეზენტაცია 

მიზანი: კვლევის შეჯამება. საჯარო გამოსვლის უნარის განვითარება. 

   აქტივობა 5: WEB გვერდის შექმნა და ნაშრომის გამოქვეყნება.

მიზანი: კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. აღნიშნული კვლევა სასარგებლო იქნება ყველა ასაკის მოსწავლეებისთვის და დაეხმარება მათ გაგება-გააზრებაზე ორიენტირებულ მკითხველებად ჩამოყალიბებაში.

 გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტ რესურსები: 

ირინა სამსონია, მასწავლებლის წიგნი „წიგნიერება“ ( გვ.30, 32)

 ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915 http://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf

რეფლექსია 

    მე-9 კლასის მათემატიკის პროგრამა ითვალისწინებს მონაცემთა ანალიზის ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა: სიხშირეთა ცხრილის შედგენა, ფარდობითი სიხშირის გამოთვლა, მონაცემთა ინტერვალებად დაყოფა და ჰისტოგრამების აგება მათი სიღრმისეული გააზრების მიზნით გადავწყვიტე ისეთი პრობლემის გადაწყვეტა, რომლისთვისაც ახალი საკითხების თეორიული ცოდნის გამოყენება იქნებოდა საჭირო. სადაც სტანდარტული ამოცანებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლად მოუწევდათ მონაცემების შეგროვება, მათი დაყოფა ინტერვალებად, სიხშირეთა ცხრილების აგება და სტატისტიკური ანალიზით დასკვნის გაკეთება. ამიტომ, გამიჩნდა პროექტის განხორციელების იდეა და შევთავაზე.

    I ეტაპი: პირველ შეხვედრაზე, გავაცანი პროექტის მიზანი, ამოცანები, გეგმა და შესრულების ვადა.

     ძალიან ხშირად, მათემატიკის სწავლების პროცესში, ვაწყდები პრობლემას, მოსწავლეებს უჭირთ ამოცანის ტექსტის გააზრება, შეფასება, დასკვნა, მსჯელობა. მუდმივად, მათემატიკური ამოცანების გაგება-გააზრების მეთოდების შეხსენება, გაკვეთილის მრავალფეროვანი აქტივობებით გამდიდრება, საკმარისი არ არის ბარიერის გადასალახად. საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროებს მრავალმხრივ შესწავლას. მოსწავლეებს ვესაუბრე იმ კვლევებზე და სტატისტიკურ მონაცემებზე, რომლებიც ოფიციალურად არის ცნობილი(G-pried-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის დიაგნოსტიკური ტესტები). გაიმართა დისკუსია, თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, მომყავდა ფაქტები ამ მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია. ვსვამდი პრობლემურ შეკითხვებს, რათა წამეხალისებინა მოსწავლეთა აზროვნება. კრიტიკულად განვიხილავდი მათ არგუემნტებს. დასახელდა პრობლემის გამომწვევი მიზეზები: მწირი ლექსიკური მარაგი, გაუწაფავი კითხვა, ტექსტის სირთულე, კითხვის ეფექტური სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება და ა.შ. აქედან ერთ-ერთი მიზეზი, წინადადების სიგრძის გავლენა ტექსტის გააზრებაზე, უმრავლესობის არჩევით გახდა დაგეგმილი პროექტის თემა.

    II ეტაპი: ჯგუფები დავყავი ინტერესების და უნარების შესაბამისად, აუცილებელი იყო შესაბამისი ლიტერატურის დამუშავება და სხვა მკვლევარების ნაშრომების გაცნობა, რომელსაც დიდი პასუხისმგელობით მოეკიდნენ.

    III ეტაპი: სამი ქართველი ავტორის ნაწარმოების თითო გვერდზე, თითოეულ წინადადებაში სიტყვების რაოდენობა იპოვეს, რომელსაც წინადადების სიგრძე ეწოდება და სიხშირეთა ცხრილი ააგეს. ასევე, ხელოვნების, ისტორიისა და ფიზიკის სახელმძღვანელოებისთვის. შემდეგ ჩაატარეს თანაკლასელების(23 მოსწავლის) გამოკითხვა, წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, ამ საგნებიდან, რომელი იყო მათთვის საინტერესო და ადვილად აღსაქმელი. მოპოვებული მონაცემების მიხედვით ააგეს სიხშირეთა ცხრილები, შემდეგ დამოუკიდებლად შეარჩიეს ინტერვალის სიგრძე და კომპიუტერის გამოყენებით ჰისტოგრამების აგება შეძლეს.

    IV ეტაპი: სტატისტიკური ანალიზის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოკლე წინადადებები გამოყენებეულია ხელოვნების, შემდეგ ისტორიის და ბოლოს ფიზიკის სახელმძღვანელოებში. რაც შეეხება მხატვრულ ნაწარმოებებს, ყველა მათგანში შეიმჩნეოდა წინადადების სიგრძის ცვლა. გაირკვა, რომ მწერლები იყენებენ ბევრ სიტყვას, მაგრამ ხშირად ცვლიან მათ რაოდენობას. რაც დაკავშირებულია ავტორის მოსაზრებით, სხვადასხვა ხერხით მკითხველამდე მიიტანოს საკუთარი ემოციები და განწყობა. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ფიზიკის ტექსტები ყველაზე გრძელ წინადადებებს შეიცავს. გამოკითხვის შედეგებით, სწორედ ამ საგნის ტექსტები დასახელდა, როგორც ყველაზე რთული აღსაქმელი.

    V ეტაპი: საკითხთან არსებული სხვა კვლევები მოსწავლეებს უკვე შესწავლილი ჰქონდათ და დიდი ინფორმაცია მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ ტექსტის გააზრების პრობლემა ბევრი მიზეზით არის გამოწვეული. აქედან გამომდინარე ცალსახა დასკვნის გაკეთება არ შეიძლებოდა, თუმცა პრობლემის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომ ტექსტის სირთულეა და წინადადებაში სიტყვების დიდი რაოდენობა, კვლევის შედეგებით დადასტურდა. 

(ნაშრომის სრული ვერსია იხ.  https://9akiasi52.blogspot.com/2023/05/blog-post.html)

52-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:

შორენა ხორავა 

Comments

Popular posts from this blog

წინადადებების სიგრძე