წინადადებების სიგრძე

თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. აგრეთვე აღსანიშნავია მათემატიკის როლი კაცობრიობის განვითარებასა და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. მათემატიკას იყენებენ სიტუაციის გასააზრებლად და პრობლემის გადასაჭრელად, ამისთვის კი აუცილებელია პრობლემის არსში წვდომა. შესასწავლი პროცესის მათემატიკური მოდელის შექმნა და ამ მოდელის მიხედვით დასკვნის გაკეთება,  შემდეგ მათი ინტერპრეტაცია. ერთი სიტყვით გარემომცველი სამყაროს შემეცნებისას აუცილებელია მათემატიკური ცოდნის გამოყენება. რაც  ნიშნავს მათემატიკური ცნებების გამოყენებას რეალური პრობლემის გადასაჭრელად.

რაიმე მოვლენის კანონზომიერების შესწავლისთვის კი აუცილებელია,  მონაცემების მოპოვების და შეგროვების ხერხების, შედეგების წარმოდგენის ხელსაყრელი ფორმის ანუ სტატისტიკური ანალიზის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდის სიხშირეთა და ფარდობით სიხშირეთა ცხრილების შედგენა და მათზე დაკვირვება.

ჩვენ შევეცადეთ, ერთი პრობლემის, მათემატიკური მეთოდების გამოყენებით გადაწყვეტა. კერძოდ, ტექსტის გააზრების  სირთულეების. თემა აქტუალურია  და მრავალმხრივ შესწავლას საჭიროებს. თუმცა, როგორც მასწავლებლისგან გავიგეთ, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს წინადადების სიგრძე მოცემულ ტექსტში.

 როდესაც სასკოლო პროგრამისთვის ირჩევა სახელმძღვანელო, იწერება იგი ან მასწავლებელს ან მშობელს სურს, რომ მეტი საგანმანათლებლო მასალა ურჩიოს მოსწავლეს, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ეს წიგნები თუ სტატიები გასაგებ ენაზე იყოს დაწერილი.

ტექსტის გააზრება ასევე მნიშვნელოვანია განათლების მიღებისათვის. ინტერნეტის, სწრაფი და მოკლე ინფორმაციის მიწოდების ეპოქაშიც ძალიან მნიშნელოვანია შეგვეძლოს მხატვრულად, ემოციურად საუბარიც და წერაც. ამ ცოდნით ასევე გვეძლევა საშუალება მეტად დავაფასოთ კარგად ან ცუდად დაწერილი ტექსტები, მხატვრულიც და არამხატვრულიც. კრიტიკული ანალიზისა და ნაწარმოებების დეტალურად განხილვის შესაძლებლობაც მნიშვნელოვნად ანვითარებს ადამიანს.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვები:

  •          რა შემთხვევაში  შეიძლება ტექსტი უფრო სწრაფად აღვიქვათ და გავიაზროთ?
  •      რომელი მახასიათებლები ახდენს გავლენას ტექსტის სირთულეზე?
  •  რგანსხვავებაა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებსა და სასკოლო სახელმძღვანელოების ტექსტებს შორის?

აღნიშნულ კითხვებზე პასუხი რომ გაგვეცა, გადავწყვიტეთ ჩავღრმავებოდით საკითხს და შეგვესწავლა თემა. პროექტის მიზანია, დავადგინოთ კავშირი წინადადების სიგრძესა და ტექსტის გააზრებას შორის. ჩვენი ვარაუდით: ოპტიმალური სიგრძის წინადადებებისგან შედგენილი ტექსტი უფრო ადვილად აღსაქმელი და გასააზრებელია ნებისმიერი მკითხველისთვის ანუ წინადადების სიგრძე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტექსტის შინაარსზე.

პრობლემის გადაწყვეტა, მნიშვნელოვნად დაეხმარება ნებისმიერ მკითხველს ტექსტის გააზრებაში, აირჩიოს ყველაზე ოპტიმალური გზა, ინფორმაციის მიწოდების ან მიღების. უფრო კონკრეტულად კი როგორ განსაზღვრავს ეს საკითხი კითხვადობას, ჩვენ მიერ ჩატარებული  კვლევების საშუალებით განვიხილავთ. 

ენა კომუნიკაციის გადამწყვეტი ნაწილია და როგორ ვიყენებთ მას, განსაზღვრავს რამდენად ეფექტურია ჩვენი კომუნიკაცია. ლიტერატურის სამყაროში ჩვენი წინადადებების აგებულებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჩვენი ნაწერის კითხვადობასა და სიცხადეზე. ზედმეტად მოკლე ან ზედმეტად გრძელმა წინადადებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტექსტის მიმდინარეობაზე და გაურთულდეს მკითხველს მასზე თვალის დევნება. სიტყვები ენის საფუძველია და წინადადებებში მათ გამოყენებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჩვენი კომუნიკაციის ეფექტურობაზე. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ტექსტის კითხვადობაზე,  არის წინადადებაში სიტყვების რაოდენობა. ჩვენი მიზანია შევამოწმოთ წინადადებაში სიტყვების რაოდენობის, წინადადების სიგრძის, გავლენა კითხვადობაზე და როგორ მოქმედებს ის მკითხველის მიერ ტექსტის გააზრების უნარზე.

                                          რა არის კითხვადობა?

·        კითხვადობა დაკავშირებულია წერილობითი ტექსტის წაკითხვისა და გაგების სიმარტივესთან. მისი განმსაზღვრელი სხვადასხვა ფაქტორებია:  წინადადების სტრუქტურა, ლექსიკა და სინტაქსი. კითხვადობა ეფექტური კომუნიკაციის აუცილებელი ელემენტია, განსაკუთრებით ლიტერატურაში, სადაც  მისი მიზანია მკითხველისთვის იდეებისა და ემოციების მკაფიო და ლაკონური გადმოცემა. ეს ტერმინი არ არის დამკვიდრებული ქართულ ენაში, რადგან  არ მოიძებნება ქართულად ამ თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიები თუ ლიტერატურა,   შესაბამისად ტერმინებიც. ის შედარებით ხშირად გხვდება უცხოურ ენასა და ლიტერატურაში. 

პირველი კვლევის მიმოხილვა

ჩვენ გვსურდა კითხვადობასა და წინადადების სიგრძის მნიშვნელობაზე გაგვეგო მეტი ინფორმაცია და მივსულიყავით უფრო მყარ დასკვნაზე. ამ მიზნის მისაღწევად ჩავატარეთ სხვადასხვა კვლევები.

  ჩვენ პირველ რიგში განვიხილეთ ოთხი ნაწარმოებიდან და სამი სახელმძღვანელოდან თითო გვერდი: მიხეილ ჯავახიშვილის “ხალხის სამართალი”, კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცება”, დავით გურამიშვილის “დავითიანი”, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, ხელოვნების სახელმძღვანელო, ფიზიკის, ისტორიის. ნაწარმოებები უფრო პირადი დამოკიდებულების მიხედვით ავარჩიეთ. სასკოლო სახელმძღვანელოებიდან კი ვეცადეთ აგვერჩია გვერდები წიგნებიდან, სადაც ჭარბობდა მიყოლებული ტექსტი და არა ბევრი ჩარჩოში გამოყოფილი ცალკეული წინადადება ან ნახაზი - ამიტომ ავარიდეთ თავი საგნებს როგორიცაა მათემატიკა, უცხო ენები.

ამ გვერდებზე მდებარე წინადადებებში დავთვალეთ სიტყვათა რაოდენობები და შევკრიბეთ მონაცემები. ყველაზე ოპტიმალური იყო სიტყვათა რაოდენობების, ანუ ამ შემთხვევაში მონაცემის, ხუთ ერთეულიან სიდიდეებად დაყოფა. შემდეგ კი შვიდივე გვერდისათვის შევადგინეთ სიხშირული ჰისტოგრამები, იმის საჩვენებლად თუ რა სიხშირით გამოიყენებოდა თითოეული სიტყვათა რაოდენობიანი წინადადებები. მონაცემების წარმოსადგენად შევარჩიეთ ჰისტოგრამები, რადგან ისინი მეტად თვალსაჩინოა ვიზუალურად და უფრო გასაგები რაც შეიძლება მეტი მსმენელისათვის - ჩვენი მიზანი კი სწორედ ესაა, შევქმნათ მეტად გასაგები ტექსტები, ვიზუალები და შინაარსები.

 

სიხშირეთა ცხრილი

 

ს.რ.

(0; 5]

(5; 10]

(10; 15]

(15; 20]

(20; 25]

(25; 30]

(30; 35]

ისტ.

0

3

5

2

2

0

0

ხე.

1

2

10

1

3

1

0

ფი.

0

6

5

8

1

4

0

ხ. ს.

2

14

7

7

1

2

0

მ. მ.

1

5

7

4

0

2

1

დავ.

4

4

6

3

0

0

0

ვეფხ.

6

5

2

1

0

0

0

 

ჰისტოგრამათა აგებამდე მნიშვნელოვანი იყო სიხშირეთა ცხრილების შედგენა. თვალსაჩინოებისათვის ეს ცხრილები ერთ სლაიდზე გავაერთიანეთ. სიხშირეთა ცხრილით გადმოვცემთ იგივე შინაარსს, მაგრამ ნაკლებად ვიზუალურად თვალსაჩინოდ. მიუხედავად ამისა აქ უკვე აშკარად ვამჩნევთ, როგორი იშვიათია 30 ან მეტ სიტყვიანი და 5 ან ნაკლებ სიტყვიანი წინადადებები. ყველაზე დიდი სიხშირეები კი 5-10 და 10-15 სიტყვიანი წინადადებების კატეგორიებში გვხვდება. უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული გვერდის მონაცემები ჰისტოგრამების საშუალებით.

 



თავდაპირველად ერთმანეთს შევადაროთ სახელმძღვანელოებიდან გარჩეული გვერდების მიხედვით შედგენილი ჰისტოგრამები. აქ უკვე ერთი შეხედვით თვალსაჩინოა, რომ ნებისმიერ ჩვენ მიერ გარჩეულ გვერდში ყველაზე მეტად ჭარბობს 5-20 სიტყვიანი წინადადებები.

ისტორიის საგანში მოიძებნა ექვსი, ყველაზე მეტი, 10-15 სიტყვიანი წინადადება. ასევე სამი 5-10 სიტყვიანი წინადადება და ორ-ორი შედარებით გრძელი, 15-20 და 20-25 სიტყვიანი.

ხელოვნების წიგნში ყველა სხვა გვერდთან შედარებით მეტი 10-15 სიტყვიანი წინადადება იყო. მას ჰქონდა რამდენიმე ძალიან გრძელი და ძალიან მოკლე წინადადებაც - აქ მოიძებნებოდა წინადადებების სიგრძეების ვარიაციაც, რის შესახებაც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ჩვენი ფიზიკის სასკოლო წიგნი კი მეტად ხშირია გრძელი წინადადებებით, ყველაზე ხშირი აღმოჩნდა 15-20 სიტყვიანი წინადადებები (8 ცალი) და არ მოიძებნა მცირე რაოდენობა 25-30 სიტყვიანი წინადადებებისაც. ხაზგასასმელია, რომ აქ ასევე იყო თერთმეტი 5-15 სიტყვიანი წინადადება, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ამ წიგნში მხოლოდ გრძელი წინადადებებია.

შესაბამისად სასკოლო სახელმძღვანელოების გვერდებში საშუალოდ, ყველაზე ხშირად, მოიძებნა 10-დან 15 სიტყვის მქონე წინადადებები.

 



შემდგომ განვიხილეთ მხატვრული და არა საგანმანათლებლო ნაწარმოებები.

მიხეილ ჯავახიშვილის “ხალხის სამართალი” გამოირჩევა მოკლე წინადადებებით. მის გვერდში აღმოვაჩინეთ თოთხმეტი ცალი 5-10 სიტყვიანი წინადადება. ასევე მოიძებნა 10-15 და 15-20 სიტყვიანების დიდი რაოდენობაც (შვიდ-შვიდი, ჯამში ასევე თოთხმეტი), სამი 20 სიტყვაზე მეტის მქონე წინადადებაც.

კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცების” მონაცემები ყველაზე მეტად გავს ხელოვნების წიგნს, რადგან მასში ჭარბობს 10-15 სიტყვიანების სიხშირე და გვხვდება ბევრად მეტი ვარიაცია სიგრძეებში - 30 სიტყვიანზე მეტი წინადადებაც კი, მაგრამ როგორც ჰისტოგრამაშია ნაჩვენები, ეს ნაწარმოები არაა დიდი წინადადებებით დატვირთული და მასში პირიქით მარტივად აღმოვაჩენთ 5 ან 10 სიტყვაზე ნაკლებიან წინადადებებსაც.

მაშ მოთხრობებში გამოიკვეთა 5-20 სიტყვიანი წინადადებების დიდი სიხშირე, რომელიც დაბალანსებულია შიგადაშიგ რამდენიმე ამაზე მოკლე და გრძელი წინადადებებით.    


 ბოლო ორი ჰისტოგრამაც ცალკე გამოვყავით, რომ ერთმანეთში არ შეგვერია პროზა და პოეზია.

დავით გურამიშვილის “დავითიანში” გვხვდება მოკლე წინადადებები. ეს გამომდინარეობს იქიდანაც, რომ ეს შემოქმედება პოემაა, მაგრამ ჩვენ ის განვიხილეთ”, რომ სკოლის პროგრამისათვის ნაცნობი ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი ჩვენს მიერ განხილული ტექსტი. აქ იყო თოთხმეტი 15 სიტყვაზე ნაკლების მქონე წინადადება და მხოლოდ სამი მასზე მეტით.

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანში” კიდევ უფრო მეტი მოკლე წინადადებაა, ვიდრე “დავითიანში”. ამ გრაფაში ხედავთ, რომ ერთ გვერდზე იყო ექვსი 5 სიტყვაზე ნაკლების მქონე წინადადება, ხუთი 5-10 სიტყვიანი და მხოლოდ სამი, რომელსაც 10 სიტყვაზე მეტი ჰქონდა.

პოემებში გამოიკვეთა ბევრად უფრო მოკლე, 10 სიტყვაზე ნაკლების მქონე, წინადადებები, რაც გასაკვირი არაა და რის გამოც ავარჩიეთ მათი ცალკე განხილვა.

მაშასადამე თითოეული ტიპის ტექსტში გამოიკვეთა კონკრეტული საშუალო წინადადებების სიგრძეები, რომლებიც ყველაზე ხშირადაა გამოყენებული. სახელმძღვანელოებისათვის ესაა 10-15 სიტყვა, მოთხრობებისთვის ეს უფრო ფართო დიაპაზონია და მოიცავს 5-20 სიტყვას, მაგრამ არაა დავიწყებული სხვა სიგრძის წინადადებებიც, პოეზიაში კი ვხედავთ მოკლე, 10 ან ნაკლებ სიტყვის მქონე წინადადებებს.

 

ჩატარებული გამოკითხვა 

მხოლოდ ამ მონაცემებით ჩვენ ვერ დავადგენდით, თუ რომელი ნაწარმოებია ყველაზე კარგად წასაკითხი - რომელი წინადადების სიგრძეა ყველაზე ოპტიმალური. ჩვენ ინტერესში იყო გაგვერკვია წინადადების სიგრძე არის თუ არა გადამწყვეტი ან საერთოდ ფაქტორი ადამიანის ტექსტით დაინტერესებაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასეა ბევრ ინტერნეტში დადებულ სტატიაზე, მაგრამ იქნებოდა თუ არა ეს განსხვავებული სასკოლო გარემოში?

ჩავატარეთ პატარა მასშტაბის გამოკითხვა ჩვენს კლასელებს შორის. მათ ვთხოვეთ აერჩიათ მათთვის ყველაზე “კარგი” და მოსაწონი საგანი. ვთხოვეთ, რომ აერჩიათ ჩვენს მიერ გარჩეული სამი საგნიდან - ისტორია, ფიზიკა ან ხელოვნება, - რომ უფრო შესაძლო ყოფილიყო მათი პასუხების წინადადების საშუალო სიგრძეებთან შედარება. მეორე კითხვა კი იყო, თუ რა მიზეზის გამო არჩევენ ისინი ამ საგანს დანარჩენებს. საბოლოოდ მონაწილეობა მიიღო 23-მა მოსწავლემ. მიღებული არჩევნები წარმოვადგინეთ ცხრილის სახით.

 

გამოკითხვის შედეგები

 

 

საგნები

ფიზიკა

ისტორია

ხელოვნება

მოსწავლეთა რაოდენობა

+ + + + +

+ + + + + +

+ + + + + + + + + + +

 

მოსწავლეთა უმეტესობამ, თერთმეტმა, თითქმის ნახევარმა, მათთვის ყველაზე გასაგებ საგნად აირჩია ხელოვნება. ბოლო ადგილზე კი ფიზიკა აღმოჩნდა, მხოლოდ ხუთი, მიახლოებით ერთი მეხუთედი ხმების რაოდენობით. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ხელოვნების სახელმძღვანელოს ჰქონდა ყველაზე მეტი 10-15 სიტყვიანი წინადადება, ფიზიკისას კი 15-20-ის ფარგლებში. ისტორიას საკმაოდ თანაბრად ჰქონდა გადანაწილებული სიხშირეები და მეორე ადგილზეც არის. ფიზიკისა და ხელოვნების წიგნების გვერდებში საშუალო წინადადებების სიგრძეების შორის ძალიან დიდი განსხვავება არაა, ამიტომ სავარაუდოდ მოსწავლეთა ინტერესმაც არ ითამაშა პატარა როლი ამ პასუხებში, მაგრამ მაინც მართალია, რომ უფრო მოკლე წინადადებებისა და წინადადების სიგრძის ვარიაციის მქონე საგანი მეტად მოწონებულია ახალგაზრდების მიერ.

 მართალია აქ უკვე ვხედავთ კორელაციას წინადადების მოკლე სიგრძეებისა და მოსწავლეებისგან უკეთეს გამოხმაურებას შორის, მაგრამ მნიშნელოვანი იყო პირდაპირ გაგვეგო მიზეზი, თუ რატომ აირჩიეს ჩვენმა კლასელებმა ეს საგნები და ამით გადავდივართ გამოკითხვის მეორე ნაწილზე.

 

ხელოვნება

ისტორია

ფიზიკა

მიზეზები

სახელმძღვანელო

მასწავლებელი

პირადი / სკოლის გარე ინტერესი

მოსწავლეთა რაოდენობა

+ + + + + + +

+ + + + + + +

+ + + + + + + + +

 

ყვითელი ფერით აღვნიშნეთ ხელოვნების მოყვარული ხალხის მიერ არჩეული პასუხები, მწვანით ისტორია, ლურჯი კი ფიზიკის მაჩვენებელია. გამოკითხვის მონაწილეებს უნდა აერჩიათ მიზეზი, თუ რატომ არჩიეს თავდაპირველად მათ მიერ არჩეული საგანი: წიგნში გასაგებად მოცემული ინფორმაციის, მასწავლებლის თუ პირადი ინტერესის გამო. მალე უკვე ძალიან აშკარა ხდება, რომ დიდი რაოდენობის მოსწავლეებმა, ვინც საყვარელ საგნად ხელოვნება არჩიეს, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მათთვის სახელმძღვანელოთი მიწოდებული მასალა მარტივი გასააზრებელი იყო. თუმცა მნიშნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბევრი მოსწავლე ხელოვნების მოყვარული მხოლოდ სკოლის გარე ინტერესის გამოა. ფიზიკაში გამორჩეული ბავშვები კი საგანს მასწავლებლის ან პირადი, სკოლის გარე, ინტერესის გამო ირჩევდნენ. ისტორიას კი დაბალანსებული, თითქმის ზუსტად ტოლი გამოხმაურება მოჰყვა ყველა მიზეზში.

ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი როლს თამაშობს მოსწავლეთა სხვა გარემოებები და პირადი ინტერესები მათ საგნის დაინტერესებაში, წინადადების სიგრძე და მასალის კითხვადობაც არაა უმნიშვნელო. დიდი, გაუგებარი წინადადებები ან ზედმეტად მოკლედ და ჩქარა ახსნილი თემები წიგნებში იწვევს დაბნევას და უკარგავს მოსწავლეს სწავლის არამარტო სურვილს, არამედ შესაძლებლობასაც კი. ეს ჩვენი ვალდებულებაა, გავანათლოთ რაც შეიძლება მეტი ბავშვი რაც შეიძლება ხარისხიანად და რაც შეიძლება მეტი განხრით.

 

რას გვიჩვენებს წინადადებების სიგრძეების მიხედვით ტექსტების შედარება?

როდესაც ვადარებთ სხვადასხვა ტექსტებში საშუალო წინადადების სიგრძეს, ჩვენ ვამჩნევთ მსგავსებას, თუ რა ტიპის წინადადებების დაწერას ცდილობენ ყველა ტიპის ავტორები. ამ კონკრეტულ, და სხვა უმეტეს, შემთხვევაში კი მოცემულ გვერდებზე წინადადებათა სიგრძე საშუალოდ ექცეოდა 5 სიტყვიანიდან 20 სიტყვის ფარგლებში, მიუხედავად მათი ჟანრისა. ამან აუცილებლად უნდა დაგვაფიქროს, რატომ?

  •      ხომ არ არის დაკავშირებული ეს მაჩვენებლები ტექსტის აღქმის საკითხთან?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტექსტის აღქმას ეხება. როგორც ჩანს, მწერლები ერიდებიან 30 სიტყვის ლიმიტის გადაცდენას და რა თქმა უნდა, საკმაოდ იშვიათია 5 სიტყვაზე ნაკლების მქონე წინადადებები. ორივე, ძალიან გრძელი და მოკლე წინადადებები უფრო გამოიყენება რაიმე გრძნობის განსაკუთრებით გასამძაფრებლად და შესაბამისად, იშვიათად.

შედარებით თვალსაჩინოდ რომ წარმოვადგინოთ განსხვავება “რთული” და “მარტივი” წინადადებებით დაწერილ აბზაცებს შორის, წავიკითხავთ ამონარიდებს ხელოვნებისა და ფიზიკის სახელმძღვანელოებიდან.

·       ხელოვნების სახელმძღვანელოში მოცემული ერთ-ერთი აბზაცი:

კომიქსი უაღრესად ლაკონური, შეკუმშული სახით მოგვითხრობს, როგორც წესი, მელოდრამატული ხასიათის ისტორიებს; კომიქსის პერსონაჟები მკაფიოდ იყოფიან კეთილ და ბოროტ გმირებად, ურთიერთობებიც მეტ-ნაკლებად ნათელია. კომიქსის სტილისტიკას სახვით ხელოვნებაში იყენებს კიდევ ერთი ამერიკელი არტისტი, როი ლიხთენსთაინი. მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი თითქოს კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილი კომიქსის გმირის სახეს წარმოგვიდგენს. ნამუშევარი დასრულებულია ასევე კომიქსისთვის დამახასიათებელი მოკლე ფრაზით. მაყურებელს საშუალება ეძლევა, თავად დაასრულოს ფრაზა და კომიქსის თანაავტორად იგრძნოს ცოტა ხნით თავი.”

  •       ამონარიდი მე-9 კლასის ფიზიკის წიგნიდან:

აბსოლუტურად თანაბარი მოძრაობა ბუნებაში საკმაოდ ოშვიათი მოვლენაა. თანაბარ მოძრაობად ითვლება ბგერისა და სინათლის გავრცელება ერთგვაროვან გარემოში (მაგალითად, მხოლოდ ჰაერში ან მხოლოდ წყალში), დედამიწის ზედაპირის წერტილების (გარდა პოლუსების) მოძრაობა საკუთარი ღერძის გარშემო, აირის მოლეკულის მოძრაობა დაჯახებიდან დაჯახებამდე, საათის ისრის წერტილების (გარდა ცენტრისა) მოძრაობა. უფრო ხშირად სხეულთა მოძრაობა არათანაბარია. მაგ., არათანაბრად მოძრაობს ყველა ტიპის ტრანსპორტი: ის ჯერ იწყებს მოძრაობას, სიჩქარეს თანდათან ზრდის, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლოა თანაბრადაც მოძრაობს, შემდეგ კი სიჩქარეს ამცირებს და ჩერდება.”

ჩვენი პირადი დამოკიდებულებით, ხელოვნების წიგნში მოცემული ინფორმაცია უფრო ადვილადაა წარმოჩენილი, მაგრამ ინტერესი ფიზიკის მიმართ მაინც მეტი გვაქვს. აშკარაა, რომ წინადადებაში სიტყვების რაოდენობა არაა ერთადერთი ფაქტორი, რითიც მკითხველი ტექსტში ჩართული ხდება. ვერ ვიტყვით, რომ ის საერთოდ როლსაც არ თამაშობს. მართალია, არსებობენ მოსწავლეები, ვისთვისაც პირადი ინტერესი ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგას. მათ არ ააქვთ პრობლემა, მათთვის საინტერესო საგნის ტექსტის გარჩევისათვის ბევრი დროის დახარჯვასთან. ბევრ მოსწავლეს კი მოცემული მასალის ტიპის მიხედვით ეცვლებათ საგნის მიმართ დამოკიდებულება. ამიტომ, სხვა ფაქტორებთან ერთად, წინადადების სიგრძეც ახდენს ეფექტს ტექსტის კითხვადობაზე.

 

დასკვნა  

ახლა კი უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ წინადადების სიგრძესა და ტექსტის გააზრებაში კავშირი არსებობს. ჩვენი პატარა მასშტაბის კვლევის გარდა, ამ საკითხზე მოიპოვება საკმაოდ ბევრი უცხო ენაზე დაწერილი სტატიები და გამონათქვამები, რომლებიც გვსურს რომ ჩვენი დასკვნის გასამყარებლად გამოვიყენოთ. 

წინადადებაში სიტყვების რაოდენობის მნიშვნელობა

 ამერიკული პრესის ინსტიტუტის მიხედვით, წინადადების სიგრძესა და მისი გაგების შესაძლებლობის შორის მტკიცე კავშირია. კვლევამ, რომელიც დაფუძნებულია 410 გაზეთის ანალიზზე, წინადადებაში სიტყვების საშუალო რაოდენობას მკითხველის გაგების საშუალებასთან აკავშირებს. კვლევამ დაადგინა, რომ:

საშუალოდ 8 სიტყვიანი ან ნაკლები წინადადებით, მკითხველს ესმოდა შინაარსის 100%. 14 სიტყვით მათ ესმოდათ ინფორმაციის 90%. 43 სიტყვით ისინი აღიქვამდნენ 10%-ზე ნაკლებს.

·     ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგალითად:

  •           ადამიანები არ კითხულობენ

ჩვენ გვახასიათებს გვერდის გადახედვა, და არა კითხვა. სინამდვილეში, ადამიანების უმეტესობა კითხულობს მხოლოდ გვერდის 25%-ს. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწრაფად და ლაკონურად მიღება. ამიტომ, თუ რთულია, გაამარტივეთ.

გრძელი, რთული წინადადებები აიძულებს მომხმარებლებს შეანელონ ტემპი და მეტი იმუშაონ იმის გასაგებად, თუ რას კითხულობენ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ადამიანებს სურთ, მაშინაც კი, როდესაც ისინი იცნობენ იმ საგანს ან ენას, რომელიც ნაწერში გამოყენებულია.

ასევე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ წვდება ხალხი ინფორმაციას. ისინი შეიძლება იყვნენ დატვირთულ ოფისში, ხალხმრავალ მატარებელში სადაც ადგილისთვის იბრძვიან ან სიჩუმეში.

მათ არ აქვთ დრო წინადადებების დეკონსტრუქციისა და პუნქტების განხილვისთვის. მათ უბრალოდ უნდათ, რომ მთავარ აზრამდე მიხვიდეთ. ამის გაკეთება აჩვენებს, რომ პატივს სცემთ თქვენი მკითხველის დროს, ინტერესსა და ყურადღებას.

 

განსხვავებული წინადადების სიგრძე 

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ რაც შეიძლება მოკლე წინადადებებით უნდა ვწეროთ? ხომ აღმოვაჩინეთ სიტუაციები, როდესაც ეს პირიქით გვაფერხებს? მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ გრძელი წინადადებები არაა პრაქტიკული. შესაბამისად, წაკითხვის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა, წინადადებების შემოკლების გარდა, არის ტექსტში გამოყენებული წინადადებების სიგრძის ცვლა. წინადადების სიგრძის ცვალებადობა მკითხველს მასზე კონცენტრირებაში ეხმარება, რადგან ის მატებს რიტმს. ერთი და იგივე სიგრძის წინადადებები მოსაწყენ მელოდიას ქმნის. ამის მაგალითს უფრო ხშირად ვხედავთ მხატვრულ ნაწარმოებებში.

 

რა განსხვავებაა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებს შორის ამ მხრით?

ხაზგასასმელია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები უფრო მკაცრად ხვდებიან 10-დან 20 სიტყვის ფარგლებში. როგორც ამერიკული პრესის ინსტიტუტი მიგვითითებს, ეს ოპტიმალურია სტატიებშიც ტექსტის გასააზრებლად. მიუხედავად ამისა, მხატვრულ ნაწარმოებებში 30 სიტყვიანზე მეტი წინადადებაც კი მოიძებნა, და ბევრად მეტი 5 სიტყვაზე მოკლე. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ განვიხილეთ ინტერნეტის არსებობამდე დაწერილი შემოქმედებები, მაგრამ ყველა თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებიც უნდა ცდილობდეს, რომ არ მოხვდეს “სტატიის ჩარჩოში”.

მხატვრული ნაწარმოებები ცდილობენ არა მარტო გადმოსცენ აზრი, არამედ დაწერონ მუსიკა, აგრძნობინონ ხალხს ემოცია, ჰქონდეთ დამალული შინაარსი, მოულოდნელი გრძნობები და სწრაფი ან ნელი მოვლენები. მოთხრობებისა და წიგნების კითხვის დროს ხალხი არ ცდილობს სწრაფად კონკრეტული ინფორმაციის მიღებას. მიუხედავად ამისა, მაინც მნიშნელოვანია მხატვრული მწერლებისათვის, რომ არ გამოიყენონ ზედმეტი რაოდენობის მხოლოდ ერთი სიგრძის წინადადებები - აქ ხდება წინადადებათა სიგრძის ცვლა მნიშვნელოვანი. ჩვენს მიერ განხილულ შემოქმედებებში კი დავინახეთ, რომ ჰისტოგრამები არ იყო ზედმეტად დატვირთული არც ერთ მხარეს.

 წინადადებებში სიგრძეების ვარიაციის კარგი მაგალითებია, როგორც უკვე ვახსენეთ, კონკრეტულად ჩვენს მე-9 კლასის ხელოვნების სახელმძღვანელოში და ასევე ზოგადად მხატვრულ ნაწარმოებებში. ამის უკეთ საჩვენებლად, გვერდებზე ელექტრონულად გავუკეთეთ თითოეულ წინადადებას აღნიშვნები, სადაც უფრო მუქი ფერით უფრო გრძელი წინადადება აღვნიშნეთ  და შესაბამისად - უფრო ღია ფერებით, უფრო მოკლე.

 




 

პირველ სურათზე ხედავთ, თუ როგორაა იშვიათად გამოყენებული გრძელი წინადადებები ხელოვნების წიგნში. ისინი გამოყენებულია სწორ დროს, გრძელი აზრის გადმოსაცემად, მაგრამ არც ასეთი და არც ზედმეტად მოკლე წინადადებებით არაა გვერდი გადატვირთული და, როგორც უკვე განვიხილეთ, საშუალოდ 10-15 სიტყვიან წინადადებებს მოიცავს.



მიხეილ ჯავახიშვილის “ხალხის სამართლის” ერთ-ერთ გვერდზე თითქმის ზუსტად მსგავს სიტუაციას ვხედავთ.



მომდევნო გვერდი კი საკმაოდ გადატვირთულია შედარებით მოკლე წინადადებებით. ამაშია განსხვავება საგანმანათლებლო და მხატვრულ ლიტერატურას შორის - სასკოლო წიგნები ყოველთვის აირიდებდნენ ასეთი გვერდის ქონას, მხატვრულ წერაში კი ასეთი წინადადებების ერთობლიობამ შესაძლოა სიუჟეტი ააჩქაროს, გამოხატოს აფორიაქება, უკეთესი დიალოგი და ა.შ.

 

სიტყვების რაოდენობა წინადადებაში, მოკლე და გრძელი წინადადებები 

  •      მაშ, საბოლოოდ როგორ უნდა დავწეროთ ყველაზე გასაგები წინადადებები?

წინადადებაში სიტყვების რაოდენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმის დადგენაში, თუ რამდენად ეფექტურად აწვდის/გადმოსცემს წინადადება დანიშნულ სათქმელს/აზრს. ზედმეტად გრძელი წინადადებები შეიძლება იყოს რთული გასააზრებელი, ხოლო ზედმეტად მოკლე წინადადებებს შეიძლება არ ჰქონდეს საჭირო დეტალები და კონტექსტი. წინადადების ოპტიმალური სიგრძე განსხვავდება კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ ზოგადად, წინადადებები, რომლებიც 10-დან 20 სიტყვამდეა, ყველაზე ეფექტურია. უმეტეს შემთხვევაში, რაც უფრო მოკლეა წინადადება, მით უკეთესი. ეს იმიტომაც ხდება, რომ დღესდღეობით შედარებით უფრო მცირე დროში გვეფანტება ყურადღება და გვსურს სწრაფად მივიღოთ ინფორმაცია. მაგრამ წინადადების სიგრძის საკითხი მხოლოდ მათ შემოკლებაზე არაა. ზოგ შემთხვევაში უკეთესია მოკლე წინადადებები ხოლო ზოგში - გრძელი.

წინადადებები არიან აზრის კონტეინერები. დიდ აზრს უფრო დიდი კონტეინერი დასჭირდება და პატარაში არ ჩაეტევა. მცირე აზრის გამოხატვისთვის კი ზედმეტად დიდი კონტეინერი არაა საჭირო.

 

ჩვენი დასკვნის წარმოდგენა დაახლოებით ამ გვარი ცხრილის სახით შეიძლება:

 

წინადადებაში სიტყვების რაოდენობა

 

დახასიათება

 

8 ან ნაკლები

 

ძალიან ადვილი

 

11

 

ადვილი

 

14

 

საკმაოდ ადვილი

 

17

 

სტანდარტული

 

21

 

საკმაოდ რთული

 

25

 

რთული

 

29 ან მეტი

 

ძალიან რთული

 

პროექტები, როგორიცაა მაგალითად „ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში" „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" (CCIIR) მიერ, უკვე იყენებენ წინადადების სიგრძესა და სირთულეს მნიშვნელოვან კომპონენტად, იმის გასარკვევად, თუ როგორი ტიპის წიგნები და ტექსტები დაეხმარებათ ბავშვებს უფრო პროდუქტიულად განვითარებაში. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ამ თემაზე უფრო ხშირად დაფიქრდებიან განმანათლებლები და მსგავსი პროექტები კიდევ უფრო მოიპოვებენ პოპულარობას.

საბოლოო ჯამში, თავდაპირველად ჩამოყალიბებული ვარაუდი სწორი აღმოჩნდა: წინადადების სიგრძე გავლენას ახდენს ტექსტის გააზრებაზე.  ოპტიმალური სიგრძის წინადადებებით (10-15 სიტყვა) შედგენილი ტექსტი ნაკლები სირთულის არის და მკითხველისთვის ადვილად გასააზრებელია, თუმცა ის არ არის პრობლემის ერთადერთი მიზეზი. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა სიგრძის წინადადებას ააქვს თავისი უპირატესობა საჭირო კონტექსტში - ხშირად კი ყველაზე კარგი მათი ერთმანეთში ცვლაა. ხალხის ინტერესიც დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად დაინტერესდებიან ისინი საკითხში, მაგრამ ნუ დავეყრდნობით მხოლოდ ინტერესს და ნუ გადავტვირთავთ ჩვენს სახელმძღვანელოებს დიდი, გაუგებარი წინადადებებით და ნურც დავაბნევთ მოსწავლეებს პატარ-პატარა და სწრაფი, მოსაწყენი წინადადებებით, რადგან ეს ყველაფერი ერთ-ერთ მნიშნელოვან როლს თამაშობს ტექსტის კითხვადობაში - იმაში, თუ რამდენად გაიაზრებს და აღიქვამს მკითხველი გადმოცემულ ინფორმაციას.

ამ დასკვნაზე ჩვენ გარდა მისულა არაერთი განათლებული მწერალი და პიროვნება, რომელთა ციტატები კიდევ უფრო ეფექტურად აყალიბებენ ჩვენს სათქმელს.

მაიკ მარკელის სიტყვები 

მაიკ მარკელიც წერს წინადადების სიგრძესთან დაკავშირებით: ზოგჯერ წინადადების სიგრძე გავლენას ახდენს წერის ხარისხზე. ზოგადად, საშუალოდ 15-დან 20 სიტყვამდე ეფექტურია ტექნიკური კომუნიკაციის უმეტესობისთვის. 10-სიტყვიანი წინადადებების სერია შეფერხებული იქნება. 35-სიტყვიანი წინადადებების სერია ალბათ ასევე იქნება. მომთხოვნი და დაახლოებით ერთნაირი სიგრძის წინადადებების თანმიმდევრობა ერთფეროვანი იქნებოდა. (2010)

 

პროექტზე მუშაობის გამოცდილება

 

კვლევის შესრულების პროცესში ჩვენ თავდაპირველად გავეცანით უამრავ უცხო ენოვან სტატიებს. მივიღეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია ახალ თემაზე, რომელზეც ადრე შესაძლოა დიდად არ დავკვირვებივართ. ასეთი სამეცნიერო პროექტის შექმნა დაგვეხმარა ჯგუფური მუშაობის უკეთესი შესაძლებლობის ჩამოყალიბებაში. ჩვენ უკეთ გავეცანით საკუთარი კლასელების ინტერესებსაც კი.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ განვამტკიცეთ მონაცემთა ანალიზის საკითხი და ბევრი ვიმუშავეთ ჰისტოგრამების სწორად აგებაზე. გამოკითხვის ჩატარების პროცესშიც და ჩვენი მასწავლებლის რჩევების დახმარებით, ჩვენი მოხსენების ბევრჯერ განმტკიცებით, უკეთ შევიმეცნეთ, თუ მართლა რას ნიშნავს კვლევის ჩატარება და რა ფორმით იწერება იგი.

ვფიქრობთ, რომ კვლევის შედეგი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს ამ საკითხის შესწავლაში. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე მწირია მსგავსი სტატიებით. თითქმის არ გავქვს კვლევა ამ მიმართულებით, მაშინ როცა ევროპასა და ამერიკაში ბევრი სამეცნიერო ნაშრომი არის გამოქვეყნებული საკითხთან დაკავშირებით და  ც მთავარია, პრობლემის გადასაჭრელად გამოვიყენეთ სტატისტიკური ანალიზის მეთოდები.

გამოყენებული დამხმარე ლიტერატურა/სტატიები:

·      https://help.siteimprove.com/support/solutions/articles/80000447968-readability-why-are-long-sentences-over-20-words-

·      https://www.wyliecomm.com/2022/07/how-long-should-a-sentence-be/

·      http://www.reading.ge/ka/about?fbclid=IwAR3OYAsAIpHdnJTPc4TVH1YPY_IFYxJbuJQILcO2lsXBwbNKO3q_f_-qO_Y

· https://languagetool.org/insights/post/sentence-length/#:~:text=Sentences%20are%20usually%20between%2015,monotonous%20and%20bore%20your%20reader

·      http://www.reading.ge/ka/about?fbclid=IwAR3OYAsAIpHdnJTPc4TVH1YPY_IFYxJbuJQILcO2lsXBwbNKO3q_f_-qO_Y

https://prowritingaid.com/grammar/1008125/Sentence-Length-Variety?fbclid=IwAR17SgsScSn41hzXV2xZl45iyLkDeHaN06yXFhq1mkdJmGKF1AGNfqW0AQY


Comments

Popular posts from this blog

სასწავლო კვლევითი პროექტი „წინადადების სიგრძე“